დავით შერაზადიშვილი – ბოლნისში კორონავირუსზე ტესტირებისთვის 1000-მდე ნიმუშია აღებული

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა,  კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მინუციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, ტესტირებისთვის 1000-მდე ნიმუშია აღებული.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, რომელიც კარდაკარის პრინციპით ტარდება. თერმოსკრინინგში ადგილობრივ მედპერსონალთან და მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიც არის ჩართული.

როგორც დავით შერაზადიშვილი აცხადებს, თერმოსკრინინგი პირველ ეტაპზე 48 000 ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო მეორე ეტაპზე ამ დრომდე შემოწმება უკვე 25 000 პირმა გაიარა. 

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში ბოლნისის მუნიციპალიტეტის წითელ ზონაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 80 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 4 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.