ლუგარის ლაბორატორიიდან COVID-19-ზე საკუთარი ტესტის პასუხს რუსთავის ცხელების ცენტრის კიდევ 3 პაციენტი ელოდება. მათ შორის ერთ-ერთი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმია.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე ქრონიკასთან საუბრის დროს განაცხადა, ექიმმა სამედიცინო დახმარება, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს გაუწია, რომელიც ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება და მისი კონტაქტი რუსთავის საკრებულოს დეპუტატია.
რაც შეეხება ცხელების ცენტრში მოთავსებულ სხვა პაციენტებს, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, პაციენტები ცენტრში იზოლირებულად იმყოფებიან.
სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა TV4-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ცხელების ცენტრში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან და მოხდება მსჯელობა ცენტრის მოდელირებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შესაძლოა, ცხელების ცენტრი რუსთავში კიდევ უფრო გაფართოვდეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ჩატარებულმა 4 პაციენტის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, მათ შორის რუსთავის საკარანტინო სივრცეში გადმოყვანილი მარნეულელი ექიმია, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა.
ჯამში ცხელების ცენტრში ამ დრომდე 46 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან COVID 19-ზე ტესტი 13 პაციენტს ჩაუტარდა. ინფორმაციისთვის, ამ დრომდე რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.