გერმანიის ქალაქ ჰალეში მდებარე მარტინ ლიუთერის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კორონავირუსის შედეგად უფრო მეტი ადამიანი იმ რეგიონებში იღუპება, სადაც ჰაერი დაბინძურებულია.
მეცნიერმა იარონ ოგენმა, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების დახმარებით დაბინძურებული ჰაერისა და იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა მონაცემების შედარებითი ანალიზი გააკეთა.
როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსს მეტი ადამიანი ემსხვერპლა იმ რეგიონებში, სადაც ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი მეტია. მაგალითისთვის იტალიის ჩრდილოეთი, მადრიდი ან უხანი. იარონ ოგენის თქმით, ჩამოთვლილ რეგიონებში დაბინძურებულმა ჰაერმა, ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა და შესაბამისად ეპიდემიას მეტი მსხვერპლი მოჰყვა.
დიოქსიდის აზოტით დაბინძურებული ჰაერი ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დიოქსიდის აზოტით დაბინძურებული ჰაერი რესპირატორული და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მიზეზი ხდება. ასეთი ჰაერი ცვლის ადამიანის სისხლის ფორმულას, კერძოდ, ამცირებს ჰემოგლობინს.
წყარო: 1tv.ge