ანა კასრაძე – როცა ადამიანებს სეირნობის უფლება მივეცით, მათ ჯგუფებად დაიწყეს სიარული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით, სეირნობის უფლება ჯგუფებად სიარულს არ ნიშნავს.

„როდესაც ჩვენ ადამიანებს სეირნობის უფლება მივეცით, მათ დაიწყეს ჯგუფებად სეირნობა და რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბა, ასე გაიგეს ღია სივრცეში სეირნობა. ეს არაა სწორი. ღია სივრცეში სეირნობა დასაშვებია, როდესაც ხარ მარტო ან ბავშვთან ერთად და ოჯახის ერთ წევრთან ერთად, იცავ დისტანციას სხვა მოსეირნეებთან ერთად“ , – აღნიშნა ანა კასრაძემ.

ანა კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულებები, რჩებათ თუ არა მყარი იმუნიტეტი მათ, ვინც კორონავირუსისგან განიკურნა.

„სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. მიმდინარეობს კვლევები და უნდა გავიდეს რაღაც პერიოდი, რათა ჩვენ ვნახოთ, ადამიანებს, ვინც ეს ვირუსი გადაიტანეს, რჩებათ თუ არა მყარი იმუნიტეტი“, – განაცხადა ანა კასრაძემ.