კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და ახალი ალგორითმის ტესტირებებში ჩაერთვებიან თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნული კატეგორია საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს.
მინისტრის განმარტებით, ახალი ალგორითმით მოქმედებას შაბათ-კვირიდან დაიწყებენ.
„თქვენ იცით, რომ კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო რამდენიმე ინიციატივა, სადაც იყო განხილული, რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს.
ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი , რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ეს ალგორითმი ორ დღეში იქნება უკვე გაფართოებული და შესაბამისად, უკვე შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას“,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დღეს უმთავრესი მოთხოვნა კორონავირუსის პრევენციის კუთხით კვლავ სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.
როგორც მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა არის.
„რეკომენდაციის, მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა. დღეის მონაცემებით, ჯერჯერობით პაციენტებისა და კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით გვაქვს კონტროლირებადი ზრდა, მაგრამ ეს, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებსაც არ აძლევს მოდუნების საშუალებას, ვინაიდან ჩვენთვის კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.