ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება.
მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
“ჩვენ კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა გუშინ გავმიჯნეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან, იმდენად, რამდენადაც ვხედავდით რისკებს, იქ არის დიდი გამოწვევა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა ფიქსირდება. დღეს, ამ შედეგიდან გამომდინარე, ვიღებთ ზომებს. დაწყებულია უკვე პროცესი, რათა ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი ბოლნისი და რაჭისუბანი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არსებული შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გავუმკლავდებით ამ პროცესებს და ეს შეზღუდვები გაგრძელდება და უფრო გამკაცრდება.
ამიტომ, კიდევ ერთი თხოვნაა, მიუხედავად ძალიან დიდი რელიგიური დღესასწაულებისა, ყველამ უნდა გაიგოს ადეკვატურად და განსაკუთრებით ამ ეტაპზე ჩემს მხარეში, ქვემო ქართლში – მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებსა და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.