გიორგი გახარია–ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს და ისინი მუდმივად ივსება

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მთავრობის დონეზე გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომელთა სწორად მართვის პირობებში ჩვენ „კოვიდ-19-ს” გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ პირველი იყო ჯანმრთელობა, მეორე – მარაგების მართვა და აქ შედის სწორედ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი და დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება.”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს თვალყურს სახლიდან ტელევიზიით მიადევნებს. 

“ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე”,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.