დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსს უკვე მცირე ცვლილებები გაუჩნდა, რასაც ისინი მუტაციას ეძახიან, რომელიც შესაძლოა ასოცირებული იყოს კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების განვითარებაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„მეცნიერები ახლა საუბრობენ, რომ ეს არის ერთი და იგივე ვირუსი, თუმცა შეიძლება ორი ქვეგანსხვავება ჰქონდეს, რომლის ერთ ვარიანტთან მძიმე შემთხვევები იყოს, მეორესთან კი უფრო მსუბუქი. თუმცა ჯერ სამეცნიერო წრეებში ამის სრული მტკიცებულება არ არსებობს“, – აღნიშნა ზახაშვილმა.
მისივე განცხადებით, დეზინფექციის მეთოდიკა კორონავირუსთან მიმართებაში ეფექტურია და ღონისძიების გატარება სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელების შეკავებას შეუწყობს ხელს.
„დეზინფექციის მეთოდიკას მიმართავდა ჩინეთი. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთმა საოცარი ძალები ჩადო ამ დაავადების შეკავებაში. კორონავირუსის გადაცემის მექანიზმი არის იგივე, რაც არის სხვა რესპირაციული ვირუსების, რომელიც ახლა, გაზაფხულის მეორე პიკისკენაა წასული. სადეზინფექციო საშუალებები და დასუფთავების მექანიზმები ერთნაირად ეფექტურია როგორც ყველა ამ ვირუსისადმი, ასევე ახალი კორონავირუსის მიმართ. შესაბამისად დეზინფექცია, გასუფთავება და სისუფთავე არასოდეს ყოფილა ზედმეტი და მჯერა, რომ თუ ამ მეთოდებს მივსდევთ, ჩვენ სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელებას შევაკავებთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა.