ეკატერინე ტიკარაძე – მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან და უახლოეს დღეებში ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება.

„არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, თუმცა, ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათთან ლეტალურ შედეგზე საუბარი არ არის. ისინი არიან საყურადღებო პაციენტები და მათთან ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გამოსავალი იყოს დადებითი…ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა.

„სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა კოვიდის კიდევ ორი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გვაქვს 159 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 გამოჯანმრთელდა. 1 კი გარდაიცვალა.