“ეს ზომები რომ 1 დღით გვიან მიგვეღო, მარნეულში გვექნებოდა ასობით შემთხვევა. 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით” – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
„მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა მყისიერი შედეგი მოგვცა. როდესაც მარნეულში ინფიცირებული პაციენტი ვერ ასახელებდა, ვისგან შეიძლებოდა გადაედო ინფექცია. ამიტომ შესაბამისი სამსახურები მიყვნენ ამ პაციენტის მოძრაობის კვალს და ამ მარშრუტზე ყველა შეამოწმებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მარნეული გადაგორდა. გარდა ამისა, მარნეულმა შექმნა პრეცედენტი სხვა რაიონებისთვის, ეს ერთგვარი პილოტური პროექტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთა. ეს ზომები რომ 1 დღით გვიან მიგვეღო, მარნეულში გვექნებოდა ასობით შემთხვევა. ეს ასეულები გადასცემდნენ სხვა ასეულებს და იქნებოდა ათასეულები. 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით. უფრო გონივრულად უნდა გვემოქმედა და არ დაგვეშვა ის შეცდომები, რაც სხვა, ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში დაუშვეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა.