კარანტინისა და თვითიზოლაციის დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს

საქართველოს პარლამენტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, არა საგანგებო ვითარების დროს  იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 10 000 ლარით.  ჯარიმები ძალაში იქნება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო იქნება იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დაცვა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

საგანგებო მდგომარეობის დროს კი იზოლაცია/კარანტინის წესის დარღვევისთვის უფრო მკაცრი სანქცია დაწესდა. კერძოდ, იზოლაციის/ კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო  მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან,  ქმედება  სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ინფორმაციისთვის, ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.