გაფართოებულ ტესტირებაში დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრებზე და ისეთ სათემო პანსიონატებზე, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები.
„გვქონდა შეხვედრა ყველა კლინიკის ხელმძღვანელთან, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არის ჩართული კოვიდინფექციის მართვაში. განვიხილეთ დეტალები, თუ რა შედეგი აქვთ და რა პრობლემებს აწყდებიან როგორც პაციენტების მართვის, მკურნალობის პერიოდში, ასევე საწოლ ფონდთან მიმართებაში. განვიხილავთ ამ წუთებშიც, თუ ვინ იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, მზად არიან, ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა გარკვეული პროცედურებიდან გამომდინარე, თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა და ერთობლივი ღონისძიებებით ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელი გახდა.
თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რიცხვი არ შეიძლება, გაიზარდოს.
„საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება, არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება, დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არის რესურსი იმის, რომ ყველა ინფიცირებულის სტაციონარში მკურნალობა მოხდეს.
„თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში. ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს, საკარანტინო ზონებში განხორციელებული, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“,- გაანცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.