სტომატოლოგიური კლინიკები შრომითი ინსპექციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გაიხსნება

სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილება შრომითი ინსპექციის სამსახურის მიერ დეტალური შესწავლის საფუძველზე იქნება მიღებული,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის თარიღს ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ გამოაცხადებს. 

„შრომითი ინსპექციის სამსახური დეტალურად სწავლობს ყველა კომპანიას და ყველა სექტორს, იმ რისკებისა და საფრთხეების მიხედვით, რომლებიც მათ აქვთ. გამომდინარე აქედან, არის შექმნილი საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა კლინიკას და ასევე ყველა სხვა დაწესებულებას, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას საქართველოში და უკვე შრომითი ინსპექციის მხრიდან მიღებული დასტურის შედეგად, თუ რომელი სექტორი რამდენად არის მზად და ასევე, ეს სექტორები რომელ ეტაპზე არიან განთავსებული, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება მათი გახსნა დაგეგმილი და გამოვაცხადებთ უკვე შესაბამის რიცხვსაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.