ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია და კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება.
მისივე თქმით, საჯარო მოხელის ინფიცირების ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, საკრებულოს სრული შემადგენლობა თვითიზოლაციაში გადავიდა.
„როგორც მე ვიცი, საკვლევი მასალა 2-დან 3 საათამდე პერიოდშია აღებული და გადაგზავნილი, ჯერ ოფიციალური დადასტურება არ არის, თუმცა, გარკვეული სიმპტომები დაავადების ტემპერატურულად არის გამოხატული.
მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის საჯარო მოხელის შემთხვევაში დადასტურებული ჯერ არაფერი არ არის covid 19-ზე, წინსწრებით, საკრებულოს შემადგენლობა, აპარატი, სრულად საკრებულოს შტატი არიან მკაცრ თვითიზოლაციაში ოჯახებში და ოჯახშიც სრულად დაცული აქვთ ის სტანდარტი, რაც არის გათვალისწინებული ამ შემთხვევაში “,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მაქსიმალურად არის შესწავლილი კავშირები და გაფრთხილებულია ყველა მოქალაქე, რომელიც შესაძლოა, რომ გარკვეული რისკის ქვეშ იყოს.