“მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ე.წ. დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია “112”-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 16 908 ზარი შევიდა. ზარების 65% არამიზნობრივი ხასიათის იყო.
დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შევიდა 4 966 ზარი. შემოსული ზარების 63%, ასევე, არის არამიზნობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.
მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ “112”-თან დაკავშირებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე მხოლოდ 144-ს დაუკავშირდნენ.
„144-ზე – ამ ერთ ნომერზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა და შესაბამისად, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხება, რომელიც იყო დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს არის განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამას. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა, ბოდიში მოვუხადო რაიმე ფორმის შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენს თანამოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ.
აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე ვერ იღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი მიმართავენ 112. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების, მაშინ როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. კიდევ ერთხელ მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის ფუნქციონირებდა თავიდანვე.
არ გვინდა, უყურადღებოდ დაგვრჩეს არც ერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები, როგორც ჩვენი მედიკოსებისთვის, ანუ რომელსაც 112 ემსახურება და ასევე პოლიციელებისთვის. კიდევ ერთხელ მოგმართავთ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობეში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოიყენოთ 144 ცხელი ხაზი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.