ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობა დასრულდა (+ფოტო)

ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობა დასრულდა.განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მასში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე მოეწყო. 

 

უწყების ცნობით,  საექსპოზიციო სივრცეებში ძირითადად წარმოდგენილია სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.

 

განთალების სამინისტროს  ცნობით,  მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა – ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია.

 

 “მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.

 მუზეუმი ასევე ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. მუზეუმში სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო გაკვეთილები ჩატარდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

ამასთან,  ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობას ერთ სივრცეში.

 ცნონბისთვის,მუზეუმის სამეცნიერო კონცეფციაზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად, იმუშავეს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის, გერმანიის სამთო მუზეუმის, ტორონტოს უნივერსიტეტის და ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, ფრანკფურტის ზენკენბერგ მუზეუმის, ტიუბინგენის უნივერსიტეტის, ტიუბინგენის ქალაქის მუზეუმის, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის მეცნიერებმა.

  ბოლნისის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე, „არქიტექტორები.ჯი”. მუზეუმი დამთვლიერებლისთვის მოამზადეს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროპის წამყვან ინსტიტუციებთან და შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან; დიზაინის მიმართულებით – ლინა ლოპესთან. საგამოფენო ტექსტების რედაქტირებასა და გრაფიკულ დიზაინზე National Geographic საქართველოს სპეციალისტების ჯგუფმა იმუშავა.

 ბოლნისის მუზეუმის განახლების პროექტი დაფინანსებულია კომპანია “RMG”-ის მიერ.