გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ გამამართლებელმა განაჩენმა დაზარალებულების პროტესტი გამოიწვია.
ბავშვის ოჯახის წევრებმა სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.ადვოკატის თქმით, საქმეში ორი არასრულწლოვანის ჩვენება დევს, რაც მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიჩნია.
დაცვის მხარის თქმით, გასაჩივრებას მას შემდეგ დაგეგმავენ, რაც მხარე დასაბუთებულ განჩინებას ჩაიბარებს.
გურჯანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
„საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა და მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა. საქმის განხილვა ვერც სასამართლომ დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დაზარალებული გოგონას ოჯახი საქმის ხელოვნურად გააჭიანურებასა და უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ისინი ამ დრომდე სასამართლოს ეზოში რჩებიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. განმარტებები არ გააკეთა მეორე მხარემ. მათ შენობა უკანა კარიდან დატოვეს.