დონალდ ტრამპი – რაღაც მომენტში კორონავირუსი თავისით გაქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის განცხადებით, საბოლოოდ კორონავირუსი თავისით გაქრება. მისი თქმით, ადრე თუ გვიან ვირუსებიც კვდებიან. ეს განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრისას გააკეთა.

„მე ვეყრდნობი იმას, რასაც ექიმები ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ ვირუსი გაქრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს წელს მოხდება, შემოდგომისთვის ან შემოდგომის შემდეგ. რაღაც მომენტში კორონავირუსი, თავისით გაქრება. ვირუსებიც კვდებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.