თეთრიწყაროში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 129 ადამიანი ელოდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტის პასუხს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 129 ადამიანი ელოდება.

მხარის პირველი პირის ინფორმაციით,  თეთრიწყაროში ბოლოს გამოვლენილი კოვიდინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 250 პირის გამოკვლევა უკვე მოხდა და მათგან ვირუსული ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, უახლოეს დროში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა ,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გახსნის გადაწყვეტილება მიიღონ.

“თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დაფიქსირებული ფაქტი იყო ასაკიან ქალბატონთან. მის ირგვლივ 250-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს მედიკოსებმა და ყველასთან უარყოფით შედეგია.

დღეს ველოდებით დაახლოებით 129 მასალაზე პასუხს და ამის შემდეგ როგორც იქნება მოცემულობა და იმედი გვაქვს, რომ იქნება საიმედო მდგომარეობა თეთრიწაროსთანაც, პრაქტიკულად გადაიდგმება ნაბიჯი და მიიღება გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს შედეგებიდან გამომდინარე იქნება და რა თქმა უნდა, შეთანხმებული პოზიცია ეპიდემიოლოგებთან,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

თეთრიწყაროში სულ ვირუსული ინფექცია 55 ადამიანს დაუდასტურდა.