თენგიზ ცერცვაძე-ჩვენ დავძლიეთ ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით

ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, მაშინ წესით არ უნდა იყოს მატება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე კიდევ არ ჩავიდინეთ, რაღაცა სისულელე, სადღაც რაღაც არ ვქენით, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და წესით, არ უნდა იყოს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება – ერთი ათეული, ორი ათეული, მაგრამ თუ არ დავუშვით ისეთ შეცდომები, როგორიც იყო მაგალითად ბოლნისსა და მარნეულში, თეთრიწყაროში ან შესაძლოა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლენტეხში. თუ ასეთი არ იქნა, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით. 626 ავადმყოფი და მხოლოდ ათი გარდაცვლილი – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ან საუკეთესო შედეგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მიუხედავად წარმატებებისა, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს , რომ ეს არ არის საბოლოო წარმატება, ეს არის ამ მომენტისთვის, ეტაპური წარმატება.

„ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს არ არის საბოლოო წარმატება, ეს არის ეტაპური წარმატება და ამ მომენტისთვის წარმატება. ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, 11-დან გაიხსნება დიდი ქალაქები, მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპური აღდგენა, გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, მომავალში კაფე-ბარების. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ “განწირულობიდან” გამომდინარე.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი – წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება”, – განაცხადა ცერცვაძემ.