თურქეთი საქართველოსთვის სამედიცინო ტურიზმს 20 მაისიდან გახსნის

თურქეთი 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სამედიცინო ტურიზმს 20 მაისიდან გახსნის. ინფორმაციას  ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიუხედავად პაციენტებისთვის საზღვრის გახსნისა, ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები.

კერძოდ: ქვეყანაში ჩასულ პაციენტს უნდა ახლდეს მაქსიმუმ ორი პირი, ყველა მათგანი გაივლის ტესტს კორონავირუსზე ქვეყანაში ჩასვლისთანავე, აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში. მგზავრებს უფლება ექნებათ ტესტი საკუთარ ქვეყანაში თურქეთში ჩასვლამდე 48 საათის მანძილზე გაიარონ და პასუხი საბაჟოზე წარადგინონ.

ქვეყანაში მხოლოდ კოვიდ-უარყოფითი პირები დაიშვებიან. თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთანავე, აღნიშნულ პირებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანს. ქვეყნის სხვა ტერიტორიასა და დაწესებულებაში მათი გაჩერება დაუშვებელია.

ინფორმაციისთვის, თურქეთში,ამ დრომდე, კორონავირუსის 146 457 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4 055 ადამიანი ემსხვერპლა.