ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ცხელ წერტილად რჩება სოფელი მუშევანი, საყურადღებოა სოფელი სავანეთიც, – ამის შესახებ ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომი მოქმედების სტრატეგია განისაზღვრა.
„სოფელი სავანეთში პერმანენტულად გვაქვს შემთხვევები, სადაც უკვე ინფიცირების 13 ფაქტია დადასტურებული. სოფელ მუშევანში კი, გვაქვს 20 შემთხვევა. უკვე ხვალისთვის უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა მუშევანში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ეს გულისხმობს არა თერმოსკრინინგს, არამედ სოფელში აქტიურად შესვლას, მჭიდრო კონტაქტების მოძიებას, ცხვირ-ხახის ნიმუშების აღებას. საუბარია PCR მეთოდზე,” – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.