მეუფე იოანე ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს

ხე ნაყოფით იცნობა, ჩვენ ველოდებით ნაყოფს. გამოჩნდება და მერე ვიტყვით, – ასე ეხმიანება ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი და რუსთავის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტს.

მისი თქმით, შეფასებას ,გამოიძების პასუხის შემდეგ გააკეთებს. 

“დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება რასაც დაადგენს, მერე შეგვიძლია შევაფასოთ. ახლა, როცა ჩვენ არ ვიცით, დასკვნა რა იქნება, რა უნდა შევაფასოთ? ხე ნაყოფით იცნობა, ჩვენ ველოდებით ნაყოფს. გამოჩნდება და მერე ვიტყვით.

მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეპარქიის მმართველმა უნდა გაარკვიოს თვითონ იქ და წარმოადგინოს. არის ორი პოზიცია: გამოძიება რას დაადგენს და მღვდელმთავარი.

ქუთაისში რამე რომ მოხდეს, მე მომკითხავენ, ხომ? იქ ხდება, იმას მოჰკითხავენ.

კითხვები არ მაქვს. მე ველოდები განცხადებას, ასე იყო თუ ისე იყო,“ – აცხადებს მეუფე იოანე.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.