დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარნეულში შესაძლოა „პისიარ“ ლაბორატორია მოეწყოს. ამის შესახებ მან მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
„ზოგადად, ქვემო ქართლმა შეადგინა მთელი ქვეყნის დაზიანების 32 პროცენტი, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა არის.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს შიგნით რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი რომ, გადავიყვანოთ სამკურნალოდ და მოვაშოროთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია.
ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან, ამიტომ, როგორმე უნდა მოვახერხოთ იქ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რომ დაარწმუნონ ეს ხალხი თერმოსკრინინგზე პირველ რიგში, მერე აქტიურ გამოკვლევაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ მარნეულშივე მოვაწყოთ რამე ლაბორატორია რომ შორს, თბილისში ტარება ნაცხების არ მოგვიწიოს. გვაქვს რაღაც საშუალებები რომ ე.წ. სწრაფი „პისიარის“ მოეწყოს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ „ავერსის“ ან „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მარნეულის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე რეგიონებში ეპიდაფეთქების შეკავების გზებზე იმსჯელეს.