აზერბაიჯანულმა მხარემ დმანისის მუნიციპალიტეტს სასურსათო პაკეტები გადასცა

 აზერბაიჯანულმა მხარემ სოციალური აქციის ფარგლებში დახმარება ამჯერად დმანისის მუნიციპალიტეტისთვის გაიღო.  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა, კერძო სექტორის და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმოამდგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტს 105 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა.

 მუნიციპალიტეტს პირველადი მომხარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთები და პროდუქტები ადმინისტრაციულ ცენტრთან გადაეცა.  

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აზერბაიჯანულ მხარეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიური მხარდაჭერისა და სოციალურ აქციებში ინტენსიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევის პირობებში, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ყველას მიმართ ვინც ამ გლობალურ გამოწვევაში აქტიურად გვიჭერს მხარს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, ძალიან მალე, დავამარცხებთ ეპიდემიას. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივების დახმარების პროცესში და ყველა ოჯახთან მივიდა მსგავსი ტიპის სასურსათო და პირველადი საჭიროების პროდუქტი. ასევეა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც – ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში, რისთვისაც,  კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“ – განაცხადა, შოთა რეხვიაშვილმა.