ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად განიხილება

ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად განიხილება, რადგან ინფექციის გავრცელება დაბალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშრუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.​ ამირან გამყრელიძის განმარტებით, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი.

„ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის. ვერ მივიღებთ ჩვენ ტურისტებს ჯერჯერობით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან.

მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლებზე, თუ როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების სისტემა ქვეყანაში და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკი ქვეყანაში ინფექციის შემოტანის. 1 კვირის, 10 დღის შემდეგ გვეცოდინება რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს გამოკვლევა თუ არა, ამაზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.