ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსით ინფიცირების 10-15-ით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ანუ, ბოლნისის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმით-ეპიდემიოლოგიურითა და სტატისტიკურით. ვფიქრობთ, არ გადავდებთ და მომდევნო კვირაში ამ კვლევას ჩავატარებთ. ახლა სწორედ შერჩევა სრულდება. ანუ, რამდენი ადამიანი იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული, რომელიც მოგვცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა ხდება მთლიანად მუნიციპალიტეტში…
ეს არ არის შემთხვევების დიდი ზრდა. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ინფიცირების შემთხვევების გარკვეული ზრდა იქნებოდა. 10-15 რიცხვით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის. ამ სოფლებში ველოდით, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისას პოზიტიურ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა გვქონდა. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტი დამყოლობა იყოს. მოგვცენ საშუალება, რომ ორივე სოფლის მოსახლეობა სრულად გამოვიკვლიოთ. ჩვენი ორი ჯგუფი მიდის ერთ-ერთ სოფელში, ხოლო მეორე სხვა სოფელში იმუშავებს. “,-განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 8 შემთხვევა სოფელ გეტას უკავშირდება, 7 კი მუშევანს.