დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით,დღეს დადასტურებული კორონავირუსის ცხრა შემთხვევა გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მისი თქმით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.
გამყრელიძის თქმით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.
„გუშინ, ანუ 24 საათის განმავლობაში, დაემატა 11 ახალი შემთხვევა. აქედან ორი გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.
ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი, ამ კონტაქტებიდან გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი ცხრას დაუდგინდა მათ კონტაქტებს ასევე კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება და კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.