ქვემო ქართლის მხარეში, კერძოდ, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კოვიდინფიცირებული პაციენტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, კვლევები უფრო ინტენსიური გახდება. აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
„ განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს მიპყრობილი ქვემო ქართლის რეგიონზე, კერძოდ სამ მუნიციპალიტეტზე – მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები… განსაკუთრებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში – 117 დადებითი შემთხვევა, თეთრიწყაროში – 48 და მარნეულში – 33. ამიტომ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა მოსახლეობის, 2 000 ადამიანს ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და 198 დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევიმუშავეთ რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კვირისა და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდება მუშაობა რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ ადამიანების დიდი რაოდენობა, ინფიცირებულები ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და დროულად ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.