ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ერთი ადამიანია ინფიცირებული და გამოკვეთილია 147 კონტაქტი.

„დღეს ამის არავითარი მოლოდინი არ არის. ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. დღევანდელი დილის კვლევებით, რაც ვიცით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, რეჟიმი არ იცვლება. ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა კონტაქტის საბოლოოდ გადამოწმებას, რომ არც ერთი გადაუმოწმებელი ფაქტი არ დაგვრჩეს. ამ ეტაპზე 147 კონტაქტია გამოკვეთილი“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა.