ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული 2 ახალი შემთხვევა სოფელ მუშევანს უკავშირდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი შემთხვევები სოფელ მუშევანს უკავშირდება. 

სოფელ  მუშევანიდან გუშინ 574 ადამიანის საკვლევი მასალა აიღეს, ნაწილი მათგანის პასუხი ცნობილი დღეს გახდა, საიდანაც 2 დადასტურებული შემთხვევაა. მუშევანში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 58-ია. 

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, გუშინ  მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი მუშაობდა და საკვლევი მასალა 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. სოფლის შესასვლელში ბლოკპოსტია მოწყობილი და ადგილზე დაწესებულ შეზღუდვებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.