ბოლნისში გამოკვლეულ 33 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 33 პირის საკვლევი მასალიდან, კორონავირუსი არცერთის შემთხვევაში არ დადასტურდა. 

როგორც ბოლნისის ცხელების ცენტრში აცხადებენ, 33 ანალიზის ნიმუშიდან 2 ცხელების ცენტრში მყოფი პირების, ხოლო 31 საკვლევი მასალა ქვემო ბოლნისის და მიმდებარე ოთხი სოფლიდან აღებული საკვლევი მასალები იყო. 

რაც შეეხება ქვემო ბოლნისის გახსნის საკითხს, ადგილობრივების სამედიცინო შემოწმების დასრულების და მისი შედეგების შემდეგ , აპიდემიოლოგების რჩევის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მიიღება. 

ქვემო ბოლნისის დასახლებაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 6 აპრილს გამოვლინდა და მას შემდეგ ორი საინკუბაციო პერიოდი გავიდა, რა დროსაც ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვემო ბოლნისის დასახლებაში ექვსი დადასტურებული შემთხვევა დადგინდა. მათგან ორი გარდაიცვალა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა და საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ასევე 24-მდე გაიზარდა ბოლნისში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 120 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.