ბოლნისში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

ორი დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის COVID-19 -ის 120 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 25 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი-დეპუტატი გოგი მეშველიანი ავრცელებს. 

მისივე ცნობით, ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 7 ბიოლოგიური ნიმუში გადაიგზავნა და დასრულდა განმეორებითი თერმოსკრინინგი. კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია.

როგორც გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში წერს, ამ დორმდე სკრინინგი 39 829 ადამიანმა გაიარა, თვითიზოლაციაში იმყოფება 285 – ადამიანი, კარანტინის რეჟიმში კი – 96 პირი რჩება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სოფელ ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში მოიხსნა იზოლაცია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამასთან უკვე 47 დღეა, რაც ბოლნისი ჩაიკეტა და საკარანტინო ზონად გამოცხადდა.