ბოლნისში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფექცია კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლნისში სულ COVID19 -ის 151 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო დადასტურებული ერთი შემთხვევა, კვლავ მუშევანს უკავშირდება, რომელიც თბილისში იყო გადაყვანილი და ინფექცია იქ დაუდგინდა.

ამასთან, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 5 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

დღეს, მედიკოსებმა ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად კიდევ 145 ბიოლოგური ნიმუში გადაგზავნეს. პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.

“ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ მუშაობას. ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაიგზავნა 145 ბიოლოგიური ნიმუში.

სულ COVID-19 -ის 151 დადასტურებული შემთხვევაა, (ბოლო ერთი შემთხვევა, კვლავ მუშევანს უკავშირდება , რომელიც თბილისში იყო გადაყვანილი და ინფექცია იქ დაუდგინდა)აქედან 66 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილი,”- წერს გოგი მეშველიანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 85 ადამიანი, კარანტინში კი – 69 ადამიანი იმყოფება.

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, სოფელ რაჭისუბანში განმეორებითი თერმოსკრინინგის მესამე ეტაპის განხორციელების ფარგლებში, სკრინინგი უკვე 660 ადამიანმა გაიარა.