ბოლნისში COVID19-ზე ტესტის პასუხს 150 ადამიანი ელოდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად, ლუგარის ლაბორატორიაში 150 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში ბოლნისში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები სოფელ გეტასა და მუშევანში ფიქსირდება.

“მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლო სამი კვირის მანძილზე მხოლოდ ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში ფიქსირდება, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და გრძელდება სპეციალური სამედიცინო ღონისძიებები.

დღეს გამოვლენილი ინფიცირებული ექვსივე პირი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას. ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 150 ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად,” – წერს გოგი მეშველიანი.

მისივე ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია (ფლაერების დარიგება, ხმის გამაძლიერებლებით მოძრაობენ მოხალისეთა ჯგუფები და მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას).

შეგახსენებთ, ბოლნისში ამ დროისთვის COVID-19-ის 145 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 51 გამოჯანმრთელდა, სამი კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 78 ადამიანი, კარანტინში კი – 69 პირი.