სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებების განხილვა დაასრულა

 რუსთავი საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებების განხილვა დაასრულა. ბრალდების მხარემ დღეს შემაჯამებელი სიტყვა წარმთქვა.

პროცესს მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვებოდა.

პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ტვ4 განუცხადა, რომ  საქმეში მტკიცებულებად არაერთი მოწმის ჩვენება,ვიდეო-სათვალთვალო კამერებიდან ამორებული მასალა და ექსპერტიზის დასკვნები დევს. პროკურორის თქმით, გიორგი ჭანტურიას კი ბრალი სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარების ეპიზოდში ედება, ასევე, მისი საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალა და ავტომატები იქნა ამოღებული. ბრალდების მხარის განმარტებით, წარმოდგენილი მტიკიცებულებები, რომელთა გამოკვლევა უკვე დასრულდა, იძლევა საფუძველს, რომ გიორგი ჭანტურიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი.

საქმეში ბრალდებულად იდენტიფიცირებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ცრუ მოწმეთა ჩვენებებს, მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებსა და არასარწმუნო ჩვენებებს ემყარება.მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციას დაასაბუთებდა.

დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას სასამართლოს 2 ივნისს წარუდგენს. 

სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 8 აგვისტოს დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. 3 მაისს სასამართლომ გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.