ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარი-დეპუტატი გოგი მეშველიანი ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისივე ცნობით, ბოლნისში ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.
“ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 5 ბიოლოგიური ნიმუშია გადაგზავნილი. გუშინ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 150 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი კოვიდ უარყოფითია. სულ COVID-19 -ის 150 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 59 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილი. თვითიზოლაციაში იმყოფება 85 – ადამიანი, კარანტინში-69 პირი რჩება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით,აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია(ფლაერების დარიგება, ხმის გამაძლიერებლებით მოძრაობენ მოხალისეთა ჯგუფები და მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას). მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება”,-წერს გოგი მეშველიანი.
შეგახსენებთ, რომ დაავადების ახალი შემთხვევები ბოლნისის სოფელ გეტასა და მუშევანში ფიქსირდება, ამ დროისთვის ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.