დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა. დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც ტრადიციულად როგორც ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. 

თუმცა წელს ქვეყანაში პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული,შესაბამისად ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.