თენგიზ ცერცვაძე – დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, თუმცა მთლიანად არა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის დასრულდა, თუმცა შესაძლოა, კორონავირუით ინფიცირების ერთეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდეს.

მისივე თქმით, საქართველოში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა არ დაფიქსირებულა, რაც ყველაზე სახიფათო იყო.

„იმედი გვქონდა, რომ აპრილის ბოლოსთვის პიკი იქნებოდა, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შენარჩუნდებოდა პლატო და შემდეგ ეს მაჩვენებელი ქვევით წავიდოდა. მიმაჩნია, რომ ახლა მაინც ვართ პლატოზე. ის, რომ დღეს ერთი შემთხვევა იყო, ამით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს.

უახლოეს დღეებში შესაძლოა იყოს არა ერთი, არამედ ოთხი, ხუთი, ათი შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, რადგან არაფერს შეცვლის. ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, თუმცა მთლიანად არა, შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევები დარჩება, მაგრამ ყველაზე სახიფათოს გავუმკლავდით.

არ დავუშვით ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა. ის, რაც ევროპის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, ყველგან იყო ასეული და ზოგან ათასი ახალი შემთხვევა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევები 10-ს არ სცდება და ბოლოს, სულაც ერთი ინფიცირებული იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.