იმ კლინიკების მედპერსონალს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში დარჩნენ და ბენეფიციარებიც დაემატებათ, ანაზღაურებაც გაეზრდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, იმ კლინიკების მედპერსონალს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში დარჩნენ და ბენეფიციარებიც დაემატებათ, მათ ანაზღაურებაც უნდა გაეზარდოთ.

როგორც მან განაცხადა, ეს შიდა მენეჯმენტის თემაა, თუმცა, ამას ჯანდაცვის სამინისტროც გააკონტროლებს.

„რეალურად მათ ეს ანაზღაურებაც უნდა გაეზარდოთ. მართალია ეს შიდა მენეჯმენტის თემაა, თუმცა, ამას ჩვენ რაღაც დონეზე შევხედავთ. რეალურად, რა თქმა უნდა, მათ როგორც რაოდენობა მოემატებათ ბენეფიციარების, შესაბამისად უნდა გაეზარდოთ ანაზღაურებაც,” – განაცხადა ადამიამ.

კითხვაზე, ხომ არ დარჩება სამსახურის გარეშე იმ კლინიკების მედპერსონალი, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მიღმა დარჩნენ, ადამია პასუხობს, რომ ეს პირები დასაქმების გარეშე არ უნდა დარჩნენ, რადგან რეალურად ამ მიმართულებით კადრის სიჭარბე არაა.

ამასთან, ეკა ადამია განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება კლინიკებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ხელმისაწვდომობის ხარჯზე ეფექტიანობის გაზრდა.

„კატეგორიულად არ შეიძლება ასეთი შეფასება, იმიტომ, რომ ეს არ არის ხელმისაწვდომობის ხარჯზე გაზრდილი ეფექტიანობა. აქ არის სელექციის პირობა. სახელმწიფომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს გარკვეული პირობები განუსაზღვრა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი სერვისი. რა თქმა უნდა, მათთვის გეორგაფიულადაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს პრინციპები ამ ზოგად მოთხოვნებში თავიდანვე გათვალისწინებული იყო. ჩვენ საქმე გვქონდა ისეთი კატეგორიის დაწესებულებებთან, რომელსაც მაგალითად ჰყავდა 200, 400, 1000 დარეგისტრირებული პაციენტი. ეს ისეთი რაოდენობებია, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ვერანაირ ეფექტურ სერვისს ვერ მიაწვდის ბენეფიციარს. შეიძლება ასეთი ტიპის დაწესებულება სახელმწიფოსგან ფულის მიღების წყაროდ იქცეს და სერვისი ვერ განახორციელოს. ამიტომ სელექციის პირობებში ჩაიდო ეს და პირველ რიგში, იყო საუბარი რაოდენობაზე. მეორე რიგში არის დამატებითი პირობები განსაზღვრული, რათა ხარისხი ყოფილიყო ამ დაწესებულებებში ბენეფიციარების მომსახურების თვალსაზრისით. ჩვენ წინასწარი სურათი, რომელ ლოკაციაზე რა ტიპის დაწესებულებაა, რა ტიპის მოსახლეობას ემსახურება, თავიდანვე გვქონდა. პაციენტისთვის არ მცირდება არანაირი ხელმისაწვდომობა არც ექიმების რაოდენობაზე, არც პროგრამის ბაზისურ ნაწილზე. ჩვენ ასევე, სავალდებულოდ განვსაზღვრეთ პრევენციული სერვისების მიწოდების ვალდებულება, იმიტომ, რომ ზოგი ამბულატორია არ აწვდიდა ყველა სერვისს. მაგალითად, როგორიცაა იმუნიზაციის, ც ჰეპატიტის, სკრინინგ სერვისი ანუ პრევენციული პირველადი ტიპის ღონისძიებების ვალდებულება განვუსაზღვრეთ ყველამ რომ მიაწოდოს,” – განაცხადა ადამიამ.

წყარო: ipn.ge