კარანტინში მყოფ მოქალაქეზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება

“საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება. სახელმწიფოს მხრიდან ტესტირება ანაზღაურდება PCR მეთოდის გამოყენების შემთხვევაში – არაუმეტეს 150, სწრაფი ტესტების გამოყენების შემთხვევაში კი არაუმეტეს 20 ლარით,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №290 დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ 89 მილიონ 900 ათასი ლარი გამოყო.

დადგენილების მიხედვით, საკარანტინო სივრცეების სასტუმრო მომსახურებას/სამედიცინო მეთვალყურეობა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა.

საკარანტინო სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კარანტინის კოორდინატორის მომსახურება, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით.

შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვა და ტრანსპორტირება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა.

COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება PCR მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 50 ლარისა.

COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა.

სტაციონარული მკურნალობა COVID-19-ის როგორც დადასტურებული, ასევე დაუდასტურებელი შემთხვევის დროს ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

ამასთან, იმ კლინიკებს, რომელთაც 80-მდე საწოლი აქვს, სახელმწიფო თითო საწოლზე დღეში გადაუხდის იმდენჯერ 100 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს (მაგალითად, 80 საწოლის მქონე კლინიკას სახელმწიფო ყოველ საწოლ დღეზე გადაუხდის 8 000 ლარს). რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომელთაც 80-ზე მეტი საწოლი აქვს, მათ სახელმწიფო თითო საწოლ დღეზე გადაუხდის იმდენჯერ 120 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს.