თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 27 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთი – თეთრიწყაროს, ორი – მარნეულს, ოთხი კი, საკარანტინო სივრციდან არის გადაყვანილი.
მისი თქმით, გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი 27-ით გაიზარდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ახლა 566-ს შეადგენს. ამასთან, 178-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
„თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი. 27-დან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი არის მარნეულის, ოთხი – საკარანტინო სივრციდან. დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მისი მოძიება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა. ამასთანავე, მისი თქმით, ინფექციურში მყოფი 11 მოზარდი ინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელდა.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება განსაკუთრებით დაავადების პირველი კვირა და თუნდაც მეორე კვირა. 14 დღე, საშუალოდ 10 დღის განმავლობაში შესაძლებელია, იყოს დაავადების პროგრესირება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სიმძიმის დაავადებაა. შეიძლება, იყოს მსუბუქი, საშუალო და პროგრესირდეს. საბედნიეროდ, ხშირად არ ხდება ასე და ვნახოთ, ამ შემთხვევაში როგორ იქნება… რაც შეეხება მოზარდების მდგომარეობას, 11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, ორ გამოჯანმრთელებულში ერთი მოზარდია, რომელმაც უკვე დატოვა კლინიკა”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.