შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.