მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ბოლნისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 7 კი საკარანტინე სივრციდანაა.

როგორც მან აღნიშნა, მათგან ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ახალი 8 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი 7 არის საკარანტინე სივრციდან.

ამ 8 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევა არის მძიმე, კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია, არის მაღალი ასაკის პირებიც და საშუალო ასაკიც. საკარანტინე სივრცეში დადასტურებულებიდან 2-ს მოგზაურობის ისტორია აქვს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.