მარინა ეზუგბაია – პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, შვიდს მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, შვიდს კი მძიმე პნევმონია აქვს.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა.

„ჩვენთან ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა დღეს დილით დამთავრდება. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა.  

რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერ კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი შვიდი მძიმე პაციენტია, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ალბათ, ისინი მძიმე ფორმებიდან საშუალო სიმძიმის ფონზე გადავლენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.