ხვალიდან 18 მაისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნება. მარნეულის მერმა საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებიდან დღემდე გატარებული ღონისძიებები შეაჯამა
მარნეულის მერის განცხადებით, მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
“თქვენ იცით, რომ ხვალიდან როგორც პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა იხსნება მარნეული და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ სხვა ქალაქებში გადაადგილდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან 23 მარტიდან მარნეული იყო საკარანტინე ზონად გამოცხადებული და საკმაოდ მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებდა და ხვალიდან თქვენ შეძლებთ გადაადგილებას… ამ ხნის განმავლობაში, თერმოკრინინგი ორ ეტაპად ჩატარდა: შეიქმნა 40 ჯგუფი, რომელთა მიერ პირველ ეტაპზე სკრინინგი 105 000-მა მოქალაქემ გაიარა. მეორე ეტაპის ფარგლებში, შემოწმდა 55 000-ზე მეტი მოქალაქე. მოგახსენებთ, რომ მარნეულში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ბიოლოგიური მასალის კვლევა PSR ტესტზე. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 6 მაისიდან დღემდე გამოკვლეული იქნა 1635 პირი სხვადასხვა უწყებიდან, რომლებიც მოსახლეობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იმყოფებიან. გამოკვლეული ანალიზებიდან ყველა უარყოფითი იყო, გარდა ერთისა, რომელიც უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერს.”,-განაცხადა მარნეულის მერმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისთვის 4000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.
“მარნეულში ადგილობრივ ფერმერებს, საკარანტინო რეჟიმის წესების დაცვით, შესაძლებლობა აქვთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. ჯამში დაახლოებით 3 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზება მოხდა ამ დრომდე. მარნეულიდან რეკომენდაციების დაცვით ბოსტნეულის გატანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული შტაბის ჩართულობით ხდება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც აიკრძალა შიდა გადაადგილებები, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო 25 სამარშუტო ტაქსის მობილიზება. ისინი მოძრაობდნენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და მთავრობის რეკომენდაციების დაცვით ეხმარებოდნენ მოქალაქეებს გადაადგილებაში. ქვეყანაში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებენ. მიმდინარე ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამუშაოები ექვს სოფელში წარმოებს. აღნიშნული პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც ჯამში გამოყოფილია 3, 232, 156 ლარი“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.