მარნეულის სასწრაფო დახმარების ცენტრის 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა 

მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის სამედიცინო დახმარების ცენტრს დეზინფექცია უტარდება. როგორც ცნობილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 თანამშრომლიდან 5 მარნეულის მკვიდრია, 3 კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან არის.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი ყველა საკვლევი მასალიდან 8 შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. 

როგორც TV4-ს მარნეულის მერიაში განუცხადეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, გადავა თუ არა  სასწრაფო სამედიცინო დახმარება კარანტინის რეჟიმში ამას ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის უწყებასთან ერთად გადაწყვეტს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში TV4-ს უცხადებენ, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ და  ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, გადავა თუ არა მარნეულის სასწრაფო დახმარების ცენტრი სრულ კარანტინში.