დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში მარნეულში კონტროლი შესუსტდა.
მისი თქმით, სოფლის რწმუნებულმა, რელიგიურმა ლიდერმა და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა თითოეულ სოფელში მოსახელობის ინფორმირებულობის გაზრდაზე უნდა იმუშაოს.
„მარნეულში კარგად დავიწყეთ ჩვენ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. თითოეულ სოფელზე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, ვისაც ენდობა ეს ხალხი, რომ არც ერთი ცხელება არ გამოგვეპაროს სოფელში. ამ პერიოდში ხველებით, სუნთქვის გაძნელებით ადამიანები სწრაფად უნდა იყვნენ გადმოყვანილები „ცხელების ცენტრში“ გამოკვლევებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, საზოგადოებას ნუ დაამშვიდებს, რომ ყველაფერი კარგად არის.
გამყრელიძის თქმით, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხა, თუმცა ეს ასე არ არის.
„ხომ გაქვთ შიდა ტელევიზია, ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ, რადგან ოდნავ შემსუბუქდა, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ დავამარცხეთ. არა, ჯერ ასე არ არის, შორს ვართ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.