მეუფე იოანე მედიის წარმომადგენლებს-ჩვენ შორის საუბარს აზრი არ აქვს

სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს , – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

როგორც რუსთავის ყოფილმა მიტროპოლიტმა მედიას განუცხადა, დიალოგი მასა და ჟურნალისტებს შორის ვერ შედგა და ვერ შედგება.

“უკვე რამდენი ხანია გიცნობთ და ჩვენს შორის დიალოგი ვერ შედგა. სხვადასხვა განზომილებაში ვართ. თუ დიალოგი ვერ შედგა მაშინ აზრი არ აქვს ჩვენს ლაპარაკს. მე გეუბნებით, რაც მე მიმაჩნია სწროდ, თქვენ კი ამას არ იღებთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.