მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის გადაწყვეტილება, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ გააკრიტიკა.
„მარნეულის მერს ვაძლევ გონივრულ დროს, ქალაქის ცენტრიდან დაუყოვნებლივ აიღოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. თუ ამის დადგმა შეცდომა იყო, საჯაროდ აღიაროს და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას“, – განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას.
მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერი ზაურ დარგალი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის უკანონო რესტავრაციაში დაადანაშაულა.
„რესტავრაცია არ იყო შეთანხმებული არც არქიტექტურის სამსახურთან, არც ზედამხედველობასთან, არც შესაბამის სამსახურებთან. უბრალოდ, ინიციატორი, რამდენადაც მე ვიცი, იყო მერი და ესე, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით მოხდა ძეგლის რესტავრაცია და მარმარილოთი შემკობა“ – განაცხადა მეუფე გიორგიმ განაცხადა მეუფე გიორგიმ „რუსთავი2“-თან საუბრისას
ეპისკოპოსმა ზაურ დარგალის გადაწყვეტილებას ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშურებით, უსინდისობა უწოდა და საბჭოთა სიმბოლიკების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა მოითხოვა.
“ადამიანი, ქალაქის მერი, როდესაც ამას კადრულობს, როდესაც ფარულად, ვითარცა მპარავი, შუა ღამე ასეთ რამეს კადრულობს, ეს არის უსინდისობა. მე პირდაპირ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში და არათუ მარნეულში, არამედ აღმოიფხვრას ყოველგვარი ასეთი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკები და მათი ხელშეწყობა”,- განაცხადა ეპისკოპოსმა.
ქადაგებაზე გიორგი ჯამდელიანმა მრევლს განუმარტა, ვინ იყო ნარიმან ნარიმანოვი.
“რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი, არამედ ასეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე. მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები, რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყეს რეპრესიები.
მინდა, გაგახსენოთ, ვინ იყო ნარიმან ნარიმანოვი. ეს ალბათ ბევრმა აზერბაიჯანელმა არ იცის და ბევრმა ქართველმაც. გასაოცარია, საიდან შემორჩა ჩვენს ქალაქში, შუა ცენტრში, ამის ძეგლი.
ის დაიბადა საქართველოში, აქ ცხოვრობდა, მერე გადავიდა აზერბაიჯანში, იყო ბოლშევიკი. მაშინდელმა საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ მისი მეთაურობით ჯერ დაამხო აზერბაიჯანის დემოკრატიული სახელმწიფო და 1926 წელს თავს დაესხა საქართველოს. ჩვენი წინაპრების, თანამემამულეების სისხლით აქვს მას ხელი გასვრილი. შემდეგ, გამყიდველ ფილიპე მახარაძესთან ერთად მისი ხელმოწერა ამშვენებს, როდესაც საქართველოს ძირძველი მიწა-წყალი, ზაქათალის მხარე გადასცეს მეზობელ სახელმწიფოს. აი, ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი. მას დიდი წვილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში, ოკუპაციაში და მიწა-წყლის ჩამოცილებაში. ის არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი“,- აღნიშნა გიორგი ჯამდელიანმა.